პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, საქართველომ „გაზპრომთან” დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.
”პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ იმ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, რომელიც დასრულდა. რუსეთი ყოველთვის მოითხოვდა სხვა პირობების დაყენებას, თუმცა ის არსებულ ხელშეკრულებას ვერ დაარღვევდა. მოთხოვნა კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებდა ხელშეკრულების ძველი პირობებით გაგრძელებას. ჩვენს წინაშე არჩევანი ძალიან შეზღუდული იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ საფასურს ბუნებრივი აირის გარეშე მივიღებთ, ეს საფასური იქნება ყველაზე ოპტიმალური, რაც ევროპულ პრაქტიკაში არსებობს. თუკი დამატებითი რესურსის საჭიროება დადგება, ჩვენ გვექნება ბუნებრივი აირის უკეთეს ფასად მიღების საშუალება. ამასთან, რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არანაირად არ იზრდება. ასე, რომ ვერანაირ ძირეულ ცვლილებას იმ პრიორიტეტებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგა, მე ვერ ვხედავ.
არ მესმის, რატომ არის ეს მოვლენა ასეთი ტრაგიზმით აღსავსე. ძალიან მინდა, რომ ოპოზიციის კრიტიკა ისეთი იყოს, საიდანაც მე თვითონ რაღაც პოზიტივის ამოღებას შევძლებ. მაგრამ ტრაგიკული საუბარი იმ ხალხისგან, ვინც საერთოდ გასხვისებას აპირებდა ამ ინფრასტრუქტურის, ცოტა გაუგებარია”, – აღნიშნა რომან კაკულიამ.