ბაჩუკი ქარდავამ შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს. როგორც მან აღნიშნა, წასვლაზე ფიქრობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს.
„სამწუხაროდ, ჯერ არ გამართულა, შეხვედრა შედგება და გეტყვით, დავადასტურებ თუ არა პარლამენტში ფრაქციიდან წასვლას. წასვლას ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც ვისაუბრებთ გარკვეულ საკითხებზე. ერთ-ერთი განსხვავებული საკითხია თანმიმდევრული პოლიტიკა, ნაწილობრივი ბოიკოტი. ბოიკოტი ვიცი სრული და სხდომებზე არ დასწრება არ მგონია, რომ პოლიტიკაზე რაიმე გავლენას ახდენდეს. ასეთი ბოიკოტი უაზრობაა და უნდა მოიხსნას. იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ იმავე რეჟიმში დარჩება, მე პარლამენტში მუშაობას ისე გავაგრძელებ, როგორც სწორად მიმაჩნია. ბოიკოტის შეწყვეტას ვგულისხმობ“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.