ახალი პოლიტიკური გაერთიანება და საგანგებო განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში. “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილმა პარტიის რიგები დატოვა.
“არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი. ეს ერთი კვირა, რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს. ის იყო პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა ძლიერმა, თავისუფალმა ადამიანმა. ეს პარტია შექმნა, დიახ, ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის თავისი თავის პრობლემა. ის არის ადამიანური ტკივილი. ის აღარ ასხივებს ლიდერობას!
მე იმათ გვერდზე არ ვიქნები, ვინც ასე დაიმცირა საკუთარი თავი! ჩვენ ვქმნით მოძრაობას და ჩვენ ვიყავით მოძრაობა, რომელიც შედგებოდა თავისუფალი ადამიანებისგან. პოლიტიკა არ არის დავარცხნილი საუბრები. პოლიტიკა ინტერესების ჭიდილია!
ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა! დიახ, ამ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ადამიანია! აღარ არის ენის მოჩლექვის დრო. მივხედოთ რეალურ საქმეებს!”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
