”ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას სახელი შეუცვალეს და თავმჯდომარე გადააყენეს, ამ ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ბოკუჩავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ პარლამენტში ”ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდეს თავისი ფრაქცია. ბოკერიას გუნდმა ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით უნდა დატოვოს ეს ფრაქცია და შექმნას ახალი ფრაქცია. ეს ფრაქცია მათ არ უნდა გამოიყენონ, რადგან ეს იქნება უსამართლობა ამომრჩევლის მიმართ.
12 იანვარს ბოკერიას გუნდმა გააკეთა განცხადება ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. იგივე ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი არ დატოვებენ ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას პარლამენტში. 13 იანვარს ჩაატარეს ფრაქციის სხდომა, სადაც გადაირჩიეს თავმჯდომარე, შეიტანეს ცვლილება წესდებაში და შეუცვალეს სახელი ფრაქციას პარლამენტში. ისინი აცხადებენ, რომ არ ტოვებენ ფრაქციას. ამგვარი პროცედურული ხრიკები არის მათი მხრიდან ორმაგი თამაში, რომ დააბნიონ ამომრჩეველი, შეინარჩუნონ თანამდებობები და ის სარგებელი და სიკეთეები, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას მოაქვს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.