„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ და მისი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული წევრები პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ და სწორედ ეს გახდა მათი საკრებულოს სიიდან ამოღების მიზეზი, სიცრუეს უწოდებენ.
„ჩვენ ვთქვით, რომ ხაბეიშვილის ლეგიტიმაციის საკითხი უნდა დადგეს ამ ქმედებების შემდეგ. კობა ნაყოფია ცდილობს, ორივე მხარესთან, როგორმე დავსხდეთ, ვისაუბროთ და შევთავაზოთ ის ხედვები, რაც ჩვენს გუნდს აქვს. როცა თანხმდები ჩრდილოვან მმართველობას, ამას აკეთებ კიდეც, თუნდაც ისეთ შემთხვევაში, როცა ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაკავშირებდა. ჩრდილოვან მმართველობაში, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ვგულისხმობ. კონკრეტულ პიროვნებებს ეს პარტია არასდროს წარმოადგენდა, მათ შორის ხაბეიშვილს. ეს პარტია არის იდეა, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში ატარებდა. ამ იდეის ჩამოშლას ცდილობს ის გუნდი, რომელიც დღეს მართავს პარტიას“,- განაცხადა ლევან გორგილაძემ, რომელიც ხაბეიშვილის გადაწყვეტილებით საკრებულოს წევრის მომლოდინეთა სიიდან ამოიღეს.