ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, ლადო ბურდული, „გოლდენ სტეიტის“ ქართველ კალათბურთელზე და მისივე მეგობარზე, ზაზა ფაჩულიაზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ ზაზა ფაჩულიას ALL STAR-ში მოხვედრა არ სჭირდება, რადგან ის ისედაც საუკეთესო კალათბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდში თამაშობს.
„წავიკითხე „იუტა ჯაზის“ კალათბურთელის კომენტარი, მინდა, რომ ეროვნება შევიცვალოო. ამით ყველაფერია ნათქვამი. იცით ჩემი ზაზასთან ურთიერთობა. ოჯახით ვმეგობრობთ, ყველა ჩამოსვლაზე ვხვდებით ერთმანეთს, ძალიან შინაურია. მეამაყება, ასეთი მეგობარი რომ მყავს. ზაზამ დაამტკიცა, რომ სპორტი აერთიანებს მთელ მსოფლიოს. სპორტს შეუძლია ომი გააჩეროს, ხალხი ერთმაენთს შეარიგოს, მხოლოდ ფეხბურთზე არ ვამბობ, იმავეს ვიტყვი კალათბურთზე. სპორტს შეუძლია სამყარო გააერთიანოს და ამის მაგალითია ზაზა ფაჩულია. მან მთელი ერი გააერთიანა. აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ვხედავ, პოზიცია, ოპოზიცია, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, კლუბები, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან. ზაზას შემთხვევაში ყველა ერთია. ჩემთვის ეს უდიდესი სიხარულია, რომ მყავს ისეთი მეგობარი, რომელმაც ეს თავისით შეძლო, არავინ დახმარებია, გარდა ოჯახისა, დედისა, მეუღლისა და შვილებისა, მათი გვერდში დგომით შეძლო ის, რაც შეუძლებელია. პრაქტიკურად, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია, ALL STAR-ს. ზაზა დღეს ისეთ გუნდში თამაშობს და ისეთ კონტრაქტზე თქვა უარი, სარფიან წინადადებაზე მაქვს საუბარი, მას ბევრად მომგებიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ მან გადადგა სხვა ნაბიჯი.
წავიდა ისეთ გუნდში, სადაც შესაძლოა ჩემპიონი გახდეს. ეს ძალიან დასაფასებელია. ვეუბნები, ბებერი ლომი ხარ-მეთქი. ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, მთავარი ისაა, რომ შენი სახელი გაიტანო ქვეყნის გარეთ და გააგებინო სხვებს, რომ არსებობს შენი ქვეყანა, სადაც იბადებიან ტალანტები. არის იმის შესაძლებლობა, რომ გახდე ვარსკვლავი. ზაზა ერთ-ერთია კახა კალაძესთან ერთად, რომელმაც ეს შეძლო. ბევრს ჩამოვთვლიდი, მაგრამ ამ დონეზე იყო კახი ფეხბურთიდან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო ორჯერ და ზაზა ფაჩულია – კალათბურთიდან. შესაძლოა, ვინმეს გული დაწყდეს და ამისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სუპერვარსკვლავები ესენი არიან. რაში სჭირდება ზაზას ALL STAR, როდესაც გუნდში ჰყავს ALL STAR““, – განაცხადა ლადო ბურდულმა.
ALL STAR-ის გამოკითხვა, საქართველოს დროით, 17 იანვარს, 08:59 საათზე სრულდება. ბოლო მონაცემებით, დასავლეთის კონფერენციაში, ფორვარდთა შორის, ზაზა ფაჩულიას მეორე ადგილი უკავია. რაც შეეხება ლადო ბურდულთან ვრცელ ინტერვიუს, მას „აიპრესი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ლადო ბურდული: ზაზა ფაჩულიამ მთელი ერი გააერთიანა, პოზიციაც, ოპოზიციაც და კონკურენტებიც
2017/01/17 11:42:14
კომენტარები
ნანახია: 2221 ჯერ