პარტიის ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა, შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას.
როგორც ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ყრილობამ უბრალოდ ძალაში დატოვა არსებული სტატუს კვო და არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი, „რადგან ეს იქნებოდა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების მიღება“.
„ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა. შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო. ყრილობამ უბრალოდ ძალაში დატოვა არსებული სტატუს კვო და არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი, რადგან ეს იქნებოდა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების მიღება, რასაც არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ. მეტიც, ეს გაუგებარი იქნებოდა საზოგადოებისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როცა ვანო მერაბიშვილს არც ერთხელ საჯაროდ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როცა ეს პოზიცია დაფიქსირდება, მას პატივს ვცემთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილი არაა, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ციხისა თუ მოცემულობის ტყვეობაში ამყოფოს ადამიანები“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ვანო მერაბიშვილის განცხადება გუშინ „ფეისბუქში“ მის გვერდზე გავრცელდა.
”მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია”, – დაწერა ვანო მერაბიშვილმა გუშინ.
”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი დარჩება პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, თუმცა ვიდრე პატიმრობაში იქნება, მის უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებს.
“ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა. შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო”
21.01.2017 18:52:11
კომენტარები
ნანახია: 1445 ჯერ
