მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.
“სინამდვილეში, განცხადება “გამარჯვების პლატფორმის” შექმნაზე არის მხოლოდ მარკეტინგული ჩანაფიქრი. თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ “დამარცხების პლატფორმის” სახელს უფრო სამართლიანად აიტანდა ეს გაერთიანება.
“სტრატეგია აღმაშენებლის” შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ არჩევნებისთვის არავითარი პერსპექტივა არ აქვს დამოუკიდებლად მოიპოვოს საზოგადოების იმ ზომის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის პოლიტიკაში ყოფნას. ამიტომ, ბარიერის გადალახვის პრობლემის მქონე ეს პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას იღებს, მიეკედლოს ვინმე სხვას, უფრო დიდს და ამ გზით გავიდეს “სამშვიდობოს”.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, აშკარად ჩანს, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირებული ფლანგებისთვის ახლა აქტუალურია გაძლიერება ერთმანეთთან დაპირისპირების ფარგლებში, ამიტომ შეიძლება ხაბეიშვილი თვლიდეს, რომ მისი ფლანგის მხარდამჭერად ვაშაძისნაირი პოლიტიკოსის მიმატება შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი ან შეიძლება ეს სულაც არ იყოს ხაბეიშვილის ვერსია”, – განაცხადა სარჯველაძემ.