“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა და კანონიერების მოლოდინი”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყების შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, პრაქტიკულად, ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან.
„პრაქტიკულად, ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, ვინაიდან მისი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცედურას ექნება საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია. როგორც ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამ იურიდიულ პირსაც, რა თქმა უნდა, შექმნის სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა და კანონიერების მოლოდინი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ფარულ მოსმენებს ახალი დამოუკიდებელი უწყება განახორციელებს. პროექტი უმრავლესობამ დახურულ შეხვედრაზე წარადგინა. ცვლილებების მიხედვით, უწყებას საგამოძიებო ფუნქცია არ იქნება და ის პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება. ამასთან, იქმნება ე.წ. მეორე გასაღებიც, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გააკონტროლებს.