საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, “რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ ბრალდებას პოლიტიკურ თვალთმაქცობად აფასებს.
როგორც თალაკვაძემ „კვირას“ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო პროცესების პოლიტიკურ სივრცეში გადატანას ცდილობს.
ამასთან, თალაკვაძე ყურადღებას ამახვილებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის მიმოწერის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე და აცხადებს, რომ შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ, რასთან გვაქვს საქმე.
„შეშფოთებულები ვართ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაში შესაძლო ჩარევის თაობაზე გამოთქმული ბრალდებებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის სხვა ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს, ეს არის “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევა და პროცესების პოლიტიკურ სივრცეში გადატანის მცდელობა.
რაც შეეხება სატელეფონო ჩანაწერს, საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ კავშირებზე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და სასამართლოს საქმიანობას შორის იკვეთება. ეს ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და თუ ეს კავშირი ნამდვილია, უნდა მოხდეს მკაცრი რეაგირება ამაზე. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, შესაბამისად, ეს და ამ ტიპის საკითხები უნდა გადაწყდეს სამართლებრივად და არა პოლიტიკური დებატების შედეგად. ასევე, სერიოზულად ვინტერესდებით უკვე: თუ მოსამართლეებმა ამ შესაძლო ზეწოლის შესახებ იცოდნენ იანვრის შუა რიცხვებში, ვინ შეუთანხმდა ამ ადამიანებს, რომ ორი კვირა დაეცადათ და ვიზალიბერალიზაციის საკითხის მეორე დღეს ჩაეტარებინათ ეს ბრიფინგი. რაც შეეხება ნიკა მელიასა და სხვა პირების განცხადებების შინაარსს, ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა“, -განუცხადა „კვირას“ თალაკვაძემ.
წყარო: კვირა