უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე გავრცელებულ ”ვაიბერ” მიმოწერას, სადაც თითქსოდა ის მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება, ფაბრიკაციას უწოდებს.
როგორც დავით საყვარელიძემ ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვევა. ”გაირკვევა ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივ საქმეში აქტიურობენ. გაირკვევა ის ადამიანები, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ, გაირკვევა ის ხალხი, ვინც ”რუსთავი 2”-ის წართმევის სქემაში აქტიურად მონაწილეობს.
ვის მოუვიდა აზრად ასეთი იდიოტობა, რომ მე და მიხეილ სააკაშვილი ცალ-ცალკე, გვერდიგვერდ ოთახებში ვსხდებით, ერთმანეთს თითქოს ”ვაიბერით” ვუმესიჯებთ მოსამართლეების (რომელსაც არ ვიცნობ, სახელებიც პირველად გავიგე) ზეწოლის ფაქტებს.
ბავშვისთვისაც კი გასაგებია რა ხდება. დაიწყო ახალი შეტევის კამპანია ”რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და ისე, როგორც ”რუსთავი 2”-მა და თავისუფალმა სიტყვამ ბევრჯერ გაიმარჯვა საქართველოში, ამ შემთხვევაშიც გამარჯვება იქნება გარდაუვალი. ეს ადამიანები კი, ვინც დღეს ბრმად მიჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, ამაზე პასუხს აგებენ აუცილებლად”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.