ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილი გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, ის დაელოდება აკრედიტაციის სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებას.
“აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აკრედიტაციის სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად შეეცდება მოსწავლეთა მობილობის საკითხის გადაწყვეტას, – განაცხადა ინგა შამილიშვილმა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკრედიტაციის საბჭომ ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმა.
მათი ინფორმაციით, სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე კი აცხადებს, რომ სკოლისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
სკოლა-ლიცეუმის დირექტორი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანონ და დაიცვან სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები.