პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, მას არ გაუკვირდება თუ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების კვალი დადასტურებულად მივა „ნაციონალურ მოძრაობამდე“ და მის ზოგიერთ წარმომადგენლამდე.
„საერთოდ არ მიკვირს, რადგან ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ვიცით, რომ უამრავი ადამიანი იყო შანტაჟის, ზეწოლის მსხვერპლი, აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ გამიკვირდება თუ გამოძიების კვალი დადასტურებულად მივა „ნაციონალურ მოძრაობამდე“ და მის ზოგიერთ წარმომადგენლამდე. ამიტომ მე მეგონი, გასაკვირი არაფერია, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევთ, ვინაიდან ეს იმ ორგანოების გამოსაძიებელია, რომლებიც კანონის საფუძველზე უფლებამოსილი არიან. თუმცა, ნამდვილად არ მიკვირს და მე მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ზეწოლას და ცდილობს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ისე განვითარდეს მოვლენები, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
დეპუტატის თქმით, შეტევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება და ეს არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, არამედ მათი ხელწერა. სოფო კილაძის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტი აჩვენოს.
პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა – ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ წერილობითი შეტყობინება დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს, თუმცა უწყება ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, არის თუ არა ის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, მოსამართლეებმა უკრაინაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომრებიდან მიიღეს სმს შეტყობინებებიც, თუმცა ვის სახელზეა ისინი რეგისტრირებული, საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.