მოსმენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული მოდელი მოქმედ მოდელზე უკეთესია, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, სალუქვაძე მწვავედ აკრიტიკებს არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ მოდელს და თვლის, რომ აღნიშნული მოდელის პრინციპები ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის ეფექტურად დაცულობას. სალუქვაძისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ყველა სტრუქტურისგან დამოუკიდებელი სააგენტოს დაკომპლექტება, ისე, რომ მომავალში ინფორმაციის გაჟონვისგან ვიყოთ დაცული.
„მოსმენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული მოდელი მოქმედ მოდელზე უკეთესია. ყველაზე უარესი ვარიანტი ეს არის ის, რაც შემოგვთავაზა მესამე სექტორმა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ მოხდება ყველა სტრუქტურისგან დამოუკიდებელი სააგენტოს დაკომპლექტება. ვინ დანიშნავს იქ პირველ პირებს და ა.შ.
თუ გავითვალისწინებთ ჩვენთან ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ე.წ. კარუსელების ტენდენციას, როგორ იცვლება ხშირად პირველი პირების შეცვლასთან ერთად გუნდიც. ისინი ხშირად შეიცვლებიან და გაიზრდება ალბათობა ამ საიდუმლო ინფორმაციების გაჟონვისა, რადგან მათ ექნებათ ყველა ჩვენგანის პირად ინფორმაციასთან წვდომა. მოცემულ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაძნელდება იმის დადგენა, როდის არის მოპოვებული მასალები, გატანილია თუ ისევ ქვეყანაშია. როცა ამ სააგენტოში 3 და 4 თაობა შეიცვლება, ღმერთმა იცის, რა ინფორმაცია იქნება გატანილი“, -განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
ამირან სალუქვაძის თქმით, შეიძლება კიდევ ერთი ვარიანტის განხილვა, რომელიც, მისი ვარაუდით, საქმიანობის ეფექტურად განხორციელების საფუძველს შექმნის.
„შეიძლება კიდევ ერთი ვარიანტის განხილვაც, თუმცა ამ ვარიანტის განხორციელებას წლები დასჭირდება. ეს ვარიანტი შემდგომში მდგომარეობს: შეიქმნას ცალკე საგამოძიებო ბიურო. ყველა სტრუქტურიდან, სადაც კი საგამოძიებო ფუნქციები არსებობს, გამოიყოს მათგან ეს ფუნქციები (ეს მათთვის მხოლოდ თავის ტკივილია) და შეიქმნას ერთიანი საგამოძიებო სტრუქტურა და მოსმენების მიმართულება როგორც არის დღეს სუს-ში ისე დარჩეს, ყოველგვარი სააგენტოს შექმნის გარეშე. საგამოძიებო ბიურო მოითხოვს სუს-ისგან ინფორმაციებს და მიიღებენ მასალებს შესაბამის საქმეზე“, –განაცხადა სალუქვაძემ.