„ქრონიკის“ ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრების სკანდალურ საქმეზე გამოვლენილია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის ალბანური წარმომადგენლობა და დაკავებულია მიხეილ ბენიამინი იგივე ბენიაშვილი, რომელიც კეზერაშვილთან ერთად BBC-ის სკანდალურ ფილმშიც ფიგურირებს.
პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ „ქრონიკასთან“ ტრანსნაციონალური გამოძიების შესახებ ისაუბრა.
„სახელ და გვართან დაკავშირებით დეტალიზაციას ვერ მოვახდენთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიმდინარე გამოძიების პროცესის დაზიანება არ მოხდეს. თუმცა, ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ ჩვენ სისხლის სამართლებრივი დევნა სულ ახლახან დავიწყეთ ორგანიზატორების წინააღმდეგ. მივეცით პასუხისგებაში. მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შეფასებები ე.წ. მმართველ რგოლზეცაა განხორციელებული. ძალიან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ. მიმდინარეობს გამოძიება, მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა პროკურორმა.
მან ასევე ისაუბრა, რამდენად არის შესაძლებელი, მალე ორდერი გამოსცენ დავით კეზერაშვილის დასაკავებლად.
„ნებისმიერი პირი, სახელისა და გვარის მიუხედავად, ვის მიმართაც იქნება შესაბამისი მტკიცებულების სტანდარტი, აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება და სამართლებრივი შეფასება“, – აღნიშნა პროკურორმა.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.