რუსი ჰაკერები თვეების განმავლობაში უკრაინის სატელეკომუნიკაციო გიგანტის „კიევსტარის“ ქსელიდან ინფორმაციას იპარავდნენ. სააგენტო Reuters-ს უკრაინის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მტრის ჰაკერულმა ქსელმა არაერთი კიბერთავდასხმა მოაწყო, ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა კი 12 დეკემბერს მოხდა. შედეგად, რამდენიმე დღის განმავლობაში სრულად გათიშული იყო უკრაინის მსხვილი მობილური ოპერატორი.
ილია ვიტიუკის თქმით მიზანი, რუსი ჰაკერების მიერ სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება და ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენება იყო. უკრაინის უშიშროების სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ ჰაკერები „კიევსტარში“ შეღწევას 2023 წლის მარტიდან ცდილობდნენ. უკრაინის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უწყებამ მტრის ჰაკერული თავდასხმების თავიდან ასარიდებლად შესაბამის ზომებს უკვე მიმართა.
„მჯერა რომ „კიევსტარზე“ თავდასხმა დიდი გაფრთხილებაა არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის, იმისთვის რომ ყველას ეფიქრა, რომ არავინაა ხელშეუხებელი. „კიევსტარი“ დიდი კერძო კომპანიაა, რომელიც ბევრს ხარჯავს კიბერუსაფრთხოებისთვის. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ წვდომის იმ დონის მიხედვით, რაც ჰაკერებს ჰქონდათ, მათ შეეძლოთ მომხმარებელთა ყველა პირადი მონაცემის მოპარვა და გეოლოკაციების დადგენა.
უკრაინაში არის რეგიონები, სადაც „კიევსტარის“ გარდა სხვა მობილური ოპერატორები არ მუშაობენ. საბანკო ტერმინალებიც ინტერნეტ-კავშირისთვის „კიევსტარის“ სიმბარათებს იყენებენ. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის იყო, რომ ადამიანებს არ მისდიოდათ შეტყობინებები საჰაერო განგაშის შესახებ. ისინი ვერ უკავშირდებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს. კიბერთავდასხმას სამხედრო სფეროზეც ჰქონდა გავლენა. მაგალითად, შესაძლოა ჰაკერებმა ჯარისკაცების ადგილმდებარეობის დადგენა შეძლეს“, – განაცხადა ვიტიუკმა.