კარიბის ზღვაში მომხდარ ავიაკატასტროფას გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი ემსხვერპლა. ამის შესახებ სენტ-ვინსენტი და გრენადინების პოლიცია იტყობინება.
სამართალდამცველთა ცნობით, 4 იანვარს მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც კუნძულ ბექიიდან სენტ-ლუსიაში მიფრინავდა, ზღვაში ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ბორტზე 4 ადამიანი იმყოფებოდა: 51 წლის კრისტიან ოლივერი, მისი 12 და 10 წლის ქალიშვილები და პილოტი რობერტ საქსი. თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავს გაუმართაობა აფრენის შემდეგ მალევე გაუჩნდა.
ოლივერს შესრულებული აქვს როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ოპერაცია „ვალკირია“, „ავტომრბოლელი“ და სერიალებში „სპეცრაზმი „კობრა“, „მერვე გრძნობა“ და „პარალელური სამყაროები“.
კომენტარები