თბილისში, ვარკეთილში მომხდარი ფემიციდის მორიგ ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც გარდაცვლილი გოგოს მეზობლები ამბობენ, სავარაუდოდ, მოძალადე ქმარმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ძილში მიაყენა.
სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ქალი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახლობლების ინფორმაციით, მოკლულ გოგოსა და მის მეუღლეს 4 თვის ახალშობილი ჰყავთ.
„ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა. ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი… ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო. ყველა შოკშია მომხდარით.
როგორც ვიცი, დიდხანს უყვარდათ ერთმანეთი, რა მოხდა მათ შორის არ ვიცი. 3-4 წელია, ცოლ-ქმარი არიან. თბილისში ქირით ცხოვრობდნენ. 4 თვის შვილი დარჩათ. საშინელება ტრიალებს“. – ამბობენ გარდაცვლილი გოგოს ახლობლები.
რაც შეეხება სავარაუდო დამნაშავეს, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილია.
როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ახალშობილი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.
„დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ცოლი, ქმარი, 4 თვის შვილი და ბიჭის მამა ცხოვრობდნენ ერთად. ახლოს არ ვიცნობდი. ეს მეორე ცოლია, ორსული როცა იყო, ეზოში ერთად სეირნობდნენ ხოლმე. ერთი ორი წელი იქნება, რაც ცოლად მოიყვანა.
ამ დროს სოფელში, თუ არ ვცდები, დმანისის რაიონში იყვნენ და როგორც გავიგე, გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ, ბავშვი აცრაზე უნდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამოსულან.
ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, აქამდე ცუდი არასდროს გაგვიგია. მეზობელმა მითხრა, გოგლამ ცოლი მოკლაო.
ზოგი ამბობს, ნასვამი არ იყოო, შემთხვევის დროს სახლში მამა ყოფილა, ეძინა და არაფერი გაუგიაო, გამთენიას მომხდარა. მეზობლებმა თქვეს, დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაშიო, ბავშვიც სახლში იყოო“. – ამბობს მეზობელი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.