ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომშია ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან, რომლებსაც მძევლად ჰყავთ აყვანილი ციხის პერსონალის 130-ზე მეტი წევრი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
“ჩვენ ომში ვართ და ვერ დავნებდებით ამ ტერორისტული ჯგუფების წინაშე”, – აღნიშნა ეკვადორის პრეზიდენტმა.
დანიელ ნობოას თქმით, ქვეყანაში კრიმინალური დაჯგუფებების დაახლოებით 20 000 წევრი მოქმედებს.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია და შეუძლებელია, რათა მძევლები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად დავაბრუნოთ”, – დასძინა მან.
9 იანვარს, ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ ქვეყანა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაშია და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული კრიმინალური დაჯგუფებების განეიტრალების ბრძანება გასცა.