სახალხო დამცველმა ჩაფიძის სახელობის კლინიკაში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძე ინახულა.
უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, დეკანოზის მონაყოლი აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება.
“პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც „ცალ კარში თამაში მიმდინარეობს“. დაცვას არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას ბრალდებული მაშინ, როდესაც ყველა ჩართულ მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების საშუალება აქვს. ეს არის თავიდანვე პრობლემა, სხვას რომ თავი დავანებოთ – იმ ალოგიკურობას მთელ რიგ საკითხებში, რომელიც უკვე გამომჟღავნდა რამდენიმე დღის განმავლობაში”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დეკანოზს რომ სტრესი განუვითარდეს და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, გასაკვირი არ არის.
დეკანოზი ჩაფიძის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.