პოლონეთის იუსტიციის მინისტრის, ადამ ბოდნარის განცხადებით, პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მას ორი დაკავებული დეპუტატის, მარიუშ კამინსკისა და მაცეი ვონსიკის შეწყელების საკითხზე მიმართა. ამის შესახებ პოლონური მედია იტყობინება.
ადამ ბოდნარის თქმით, სხვა გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე მიღებული არაა.
ანჯეი დუდას განცხადებით, მან კამინსკისა და ვონსიკის შეწყალების პროცედურა მათი მეუღლეების თხოვნის საფუძველზე წამოიწყო.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც 2007 წელს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. მათ გასული წლის დეკემბერში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი ამტკიცებენ, რომ უდანაშაულოები არიან. კამინსკი და ვონსიკი მოქმედი დეპუტატები არიან „კანონისა და სამართლიანობის პარტიიდან“. კამინსკი და ვონსიკი 10 იანვარს პოლონეთის პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე დააკავეს.