“მაუწყებლობის პროტესტის ნიშნად გათიშვა ნამდვილად არ ემსახურება იმ მაყურებლის ინტერესს, რომელსაც სურვილი აქვს, “რუსთავი 2”- ს უყუროს. ჩვენ, საქართველოს მთავრობას, ნამვილად გვაქვს ინტერესი იმისა, რომ “რუსთავი 2” იყოს, გადმოსცემდეს და ემსახურებოდეს იმ ადამიანების ინტერესს, ვისაც “რუსთავი 2″-ის ყურება სურს”, – ამის შესახებ მიუნხენში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
ჯანელიძე თვლის, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება.
“ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით პროცესები ვითარდება ძალიან პოზიტიურად. საქართველოში მედიათავისუფლება უზრუნველყოფილია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მაქსიმალურად მშვიდად, ყველა ინსტიტუტის, ყველა პროცესის პატივისცემით მოახდინოს რეაგირება მიმდინარე ფაქტებზე. როგორც მოგეხსენებათ, „რუსთავი 2″-ის საქმე იხილება სასამართლოში და ჩვენ ყველა ერთად უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამისათვის აჟიოტაჟი, დესტაბილიზაციის მცდელობები თუ საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა ნაკლებად ეფექტურია”, – განაცხადა ჯანელიძემ.