„რუსთავი 2“-ის სოლიდარობის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები ვარდების მოედანზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მათი აქტივისტები კი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.
რამდენიმე წუთის წინ ორივე ოპოზიციური პარტიის ლიდერები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით დაიძრნენ. ისინი პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა, დღეს ისინი იცავენ არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ს, არამედ მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს.
მისივე განმარტებით, დღეს ქუჩაში ყველა გამოსულია საკუთარი სინდისით “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად.
“დღეს ჩვენ არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის, არამედ მედიის ნებისმიერი წარმომადგენელს ვიცავთ. თუ “რუსთავი 2” დამარცხდა, მაშინ მთელ ქვეყანაში გაჩნდება განცდა, რომ “რუსთავი 2”-ს თუ მოერია ხელისუფლება, იგივე შეიძლება დაემუქროს სხვა მედიასაშუალებებსაც. ჩვენ არავის დავანებებთ ფეხქვეშ გათელოს ჩვენი უფლებები – “რუსთავი 2” ბოლო ბასტიონი დარჩა. “რუსთავი 2”-ს იცავს ყველა ადამიანი და აქციაზე გამოდის საკუთარი სინდისით. ის შავი ეკრანი, რომელსაც ადამიანი ხედავს, არის იმის ნიშანი, რომ ხვალ ჩვენ მართლა ინფორმაციაზე წვდომას დავკარგავთ. “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი ჩამოსულია რაიონებიდან და საქართველოს თითოეული კუთხიდან და პარტიის თითოეული წევრი საკუთარი სურვილით და რწმენით დგას ჩვენს გვერდით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს პარტიული კუთვნილება არ არის მთავარი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.