დღევანდელი აქცია მინდა შევაფასო, როგორც პოლიტიკური აქცია, ამ ქალაქში თავისუფლების დასაცად გაცილებით მეტი ადამიანი გამოდის, – ასე შეაფასა ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა რუსთაველის გამზირზე, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია.
საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, სადაც შეკრების და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ”ამიტომ, ”ნაციონალურ მოძრაობასაც”, ნეო ”ნაციონალურ მოძრაობასაც”, ამ არხის ხელმძღავანელობას და ნებისმიერ სხვას შეუძლია შეკრიბონ 500 თუ 5000 მხარდამჭერი. მათი ყველა სიტყვა არის მტკნარი ტყუილი, პროვოკაცია და იმ დიდი უტიფრობის გაგრძელება, რასაც ჩვენ, საზოგადოება, ამ ხალხისგან 10 წელზე მეტია ვისმენთ.
ისინი წავიდნენ ყველანაირ პროვოკაციაზე, ხან მოსამართლეების მოქრთამვას, ხან მათზე ზეწოლას, ხანაც სასამართლოს და ხელისფულების წინაღმდეგ შავი პიარის აგორებით საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას შეეცადნენ, მაგრამ მაინც ვერ მოარგეს ამ კომპანიას წამებულის და სამართალიანობისთვის ბრძოლის ტელევიზიის მანტია.
როდესაც ნახეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს მათ პროვოკაციაზე წამოგებას, ადგნენ და საკუთარი ხელით გამორთეს ტელევიზია, ახლა ისევ ჩართეს.
მე არ ვუყურებ ამ პროცესს, როგორც თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ პროცესს. ეს არის მედია, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს, ამ ადამიანის სახელი და გვარი არის მიხეილ სააკაშვილი. მე ვერ ვხედავ აქ ბრძოლას თავისუფლებისთვის, რადგან ეს ადამიანები, ვინც ამ აქციის ავანგარდში იყვნენ დღეს, ისინი წლების განმავლობაში იდგნენ ადამიანის უფლებების შეზღუდვის სადარაჯოზე, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყანაში ძალიან ცუდად ეგრძნოთ თავი”, -განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთ საკითხს – მიღწეულ იქნას ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის ინტერესი.
”დღევანდელი აქცია მინდა შევაფასო, როგორც პოლიტიკური აქცია. ამ ქალაქში თავისუფლების დასაცად გაცილებით მეტი ადამიანი გამოდის. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და ეს არის ”ქართული ოცნების” მონაპოვარი. მე ამ აქციას ვაფასებ, როგორც მცდელობას, გადაფარონ ის სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა, რომელიც მიმართული იყო მოსამართლეების მოსყიდვისა და თუ შანტაჟის გამოყენებით, სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობით. ეს არ არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს არის ბრძოლა, რომ სააკაშვილმა შეინარჩუნოს ”რუსთავი 2”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის მთავარია რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო. ”ეს არის დავა კერძო სუბიექტებს შორის და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებს”, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.