მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.
პრეზიდენტი საპატრიარქოში სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრას დაახლოებით ერთ საათზე მეტხანს ესწრებოდა.
მარგველაშვილის თქმით, ზემოთაღნიშნული პროცესის შედეგად, ჩვენ გადავლახავთ არსებულ სირთულეს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე.
პრეზიდენტმა საუბრისას აღნიშნა, რომ მას გუშინ შეხვედრა ჰქონდა პატრიარქთან გერმანიიდან ჩამობრძანების შემდეგ და შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტი პატრიარქს დღეს ესტუმრებოდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად არის პატრიარქი ინფორმირებული საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში.
მარგველაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სინოდის ყველა წევრს აქვს შესაძლებლობა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მიმდინარეობს დიალოგი, რომლის დროსაც პატრიარქი ყველა მხრიდან ინფორმაციას იღებს.