უშუალოდ კენჭისყრის პროცესში კიბერთავდასხმების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ინტერნეტში წვდომა ხმის დამთვლელ აპარატებთან და შესაბამისად, რამდენად არის შესაძლებელი, რომ არჩევნების მონაცემები გაყალბდეს, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესში ინტერნეტის გამოყენება არ მოხდება.
მისივე თქმით, პროცესში ინტერნეტის გამოყენებას ფაქტობრივად, ადგილი არ აქვს, გარდა შედეგების გადაცემის. კალანდარიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ტიპის საფრთხეები იყო იდენტიფიცირებული და მათ საერთაშორისო გამოცდილებამ, ასევე 8 პილოტმა დაანახა, რომ ამ პროცესში ინტერნეტი არ უნდა იყოს გამოყენებული.
„ამ ყველაფრის შედეგად კანონმდებელმა, მრავალპარტიული შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინტერნეტი არ უნდა იყოს გამოყენებული სწორედ იმ საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ამ აპარატების კიბერმოწყვლადობას. შესაბამისად, იმისთვის, რომ მანიპულაციებიდან მოწყვლადი არ ყოფილიყო ეს ყველაფერი, კანონმდებელმა იმთავითვე გაითვალისწინა. ამიტომ, კიბერთავდასხმების საფრთხე უშუალოდ კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებასა და ფუნქციონირებაში არ არსებობს“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, ამასთან, ყველა იმ უბანზე, სადაც აპარატები იქნება დადგმული, შედეგები გადაითვლება.
„მას შემდეგ, რაც აპარატი ამობეჭდავს წინასწარ მონაცემებს – ქვითარს, იგი გადაეცემა საარჩევნო უბანზე მყოფ ყველა უფლებამოსილ პირს და მხოლოდ ამის შემდეგ, დაცული ქსელის მეშვეობით მოხვდება ცესკოში, საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შედეგების გადაგზავნა, რაც ასევე ყველა შესაბამისი პირობების გათვალისწინებით უსაფრთხო გადაცემას უზრუნველყოფს. ეს უზრუნველყოფს მაღალსანდოობას, გამჭვირვალობას კენჭის ყრის პროცესთან, განსაკუთრებით შედეგებთან და შედეგების დათვლის პროცესთან მიმართებაში. აღნიშნული უპრეცედენტო იქნება ქართული არჩევნების ისტორიაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.