ჩვენ გრძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა იუნკერთა მემორიალთან განაცხადა, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული საქართველოს უახლეს ისტორიაში.
,,საქართველომ მე-20 საუკუნის დასაწყისში შეძლო ცოტა ხნით ყოფილიყო დემოკრატიული, დასავლური სახელმწიფო. სამწუხროდ, ამ ბიჭების გმირობამაც ვერ გადაწყვიტა ამ ბრძოლის ბედი, თუმცა ჩვენ გრძლევადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად. ეს არის ჩვენი თაობის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ ნამდვილად თავისუფალი, გაერთიანებული ქვეყანა. მე, ამის ღრმად მწამს. ამ გმირების სულები ჩვენ დღესაც გვინათებს გზას და ჩვენი ვალია, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი შთამომავლების სახელი. ჩვენ ასევე გვმართებს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად გავიხსენოთ ეს ადამიანები, რომლებმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლაში თავი დადეს და საკუთარი სიცოცხლე გასწირეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.