28 თებერვალს, პრორუსი სეპარატისტების წარმომადგენლები დნესტრისპირეთში გამართულ ერთ-ერთ იშვიათ შეხვედრაზე იმ შიშის ფონზე შეიკრიბნენ, რომ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, შესაძლოა, უკრაინასთან მოსკოვის დაპირისპირების ახალ კერად იქცეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ პაწაწინა რეგიონს, დე-ფაქტო, პრორუსული ძალები აკონტროლებენ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე, ის მოლდოვას ნაწილად არის აღიარებული. რიგით მეშვიდე რიგგარეშე კონგრესის მიზანზე დნესტრისპირეთი დუმილს ამჯობინებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მისი მიმდინარეობისას, ოფიციალური პირები მოლდოვას მთავრობასთან გამწვავებული საბაჟო დავების გადაჭრის გზებს განიხილავენ. „საერთაშორისო თანამეგობრობამ ამჟამინდელი კონგრესის გადაწყვეტილებების იგნორირება არ უნდა მოახდინოს“, – განაცხადა შეხვედრაზე რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ვიტალი იგნატიევმა, თუმცა არ გაუმჟღავნებია, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული კონგრესის სხდომაზე.
სეპარატისტულ რეგიონში ანალოგიური თავყრილობა ბოლოს 2006 წელს გაიმართა, როდესაც დეპუტატებმა რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მოიწონეს. მოლდოვას პროევროპული მთავრობა და დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ სეპარატისტმა კანონმდებლებმა შეიძლება მეზობელ უკრაინაზე რუსეთის შეტევით ისარგებლონ და ეს ჟესტი გაიმეორონ. როგორც ადგილობრივმა პოლიტიკოსი, გენადი ჩორბა ამბობს, შესაძლებელია, რომ დეპუტატებმა რუსეთთან შეერთება მოითხოვონ და ეს ერთი დღით იმაზე ადრე გააკეთონ, სანამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგება. მოლდოვას მთავრობა ამ ყველაფერს სკეპტიკურად უყურებს.
„კიშინიოვიდან ყველაფერი მშვიდად გამოიყურება, – განაცხადა მოლდოვას მთავრობის წარმომადგენელმა, – დნესტრისპირეთის რეგიონში ვითარების ესკალაციისა და დესტაბილიზაციის საფრთხე არ არსებობს“.
იდუმალებით მოცული აფეთქებები
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო, კიშინიოვი შიშობს, რომ კრემლს შეუძლია დნესტრისპირეთი სამხრეთ-დასავლეთით, ოდესის მიმართულებით ახალი ფრონტის გასახსნელად გამოიყენოს. 2022 წელს დნესტრისპირეთი იდუმალებით მოსილმა აფეთქებებმა შეძრა, რომლებიც სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, შესაძლოა, უკავშირდებოდა რუსეთის მცდელობას, რომ ეს სეპარატისტული რეგიონი კონფლიქტში ჩაეთრია. მოგვიანებით, 2023 წლის მარტში, დნესტრისპირეთის პრორუსულმა ხელმძღვანელობამ კიევი მისი ლიდერის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება უკრაინამ უარყო. კრემლმა რეგიონში 1500-მდე ჯარისკაცი განათავსა და უკრაინა და მოლდოვა გააფრთხილა, რომ დნესტრისპირეთზე თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა.
რუსეთი, უფასო გაზის მიწოდების გზით, კვლავ ასულდგმულებს დნესტრისპირეთის ეკონომიკას. თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სეპარატისტული რესპუბლიკა სულ უფრო მეტად ექცევა იზოლაციაში. დნესტრისპირელი ჩინოვნიკების შეხვედრა იმ დროს იმართება, როდესაც უკრაინა ძლიერ ზეწოლას განიცდის ფრონტის ყველა ხაზზე, სადაც მან, საბრძოლო მასალის მზარდი დეფიციტის გამო, პოზიციები დაკარგა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე დასასწრებად, ოთხშაბათს ალბანეთს ეწვია, სადაც ის, სავარაუდოდ, მეტი დახმარების აუცილებლობის შესახებ მოწოდებას გაიმეორებს. კიევი დასავლეთის ქვეყნებისგან დაჟინებით ითხოვს, დააჩქარონ კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალის მიწოდება და ეს ხდება იმ იმედგაცრუების ფონზე, რომელსაც მოკავშირეებს შორის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება განაპირობებს.