კოორდინირებული შეტევა ეკლესიასა და წმინდა სინოდზე. უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციასთან დაკავშირებული პირები პატრიარქის არჩევნების მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ. “კურიერთან” საკითხი დეტალურად ცოტა ხნის წინ მიმოიხილა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ინფორმაციული ნაკადი, რომელიც ვრცელდება, რეალურად წმინდა სინოდის დისკრედიტაციას ემსახურება.
“მე ამ სინოდის სხდომას არ ვესწრები, ამიტომ ყველა დეტალზე, როგორც თვითმხილველი, ვერ ვილაპარაკებ. ერთი რამ არის, ჩვენი გუშინდელი განცხადებით პასუხი გაეცა მეუფე ანდრიასთან დაკავშირებით. მეუფე ანდრია წლების განმავლობაში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სხვადასხვა მიმართულებით მონაწილეობს საპატრიარქოს საქმიანობაში და უშუალო პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს ასრულებდა წლების განმავლობაში. დღეისათვის ის არის როგორც სინოდალური ზნეობრივი კომისიის წევრი, ასევე ქონების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელი. სწორედ მას ჩააბარა პატრიარქმა დროებით მმართველობაში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაც. ასე რომ ცილისმწამებლური კამპანია მის წინააღმდეგ, ზოგადად, ეკლესიის დამაზიანებელია და არაფერი საფუძველი ამას არ აქვს.
მე მინდა მოვუწოდო მორწმუნე მრევლს და ადამიანებს, რომლებიც საეკლესიო წიაღში მოიაზრებენ თავის თავს და არიან ეკლესიის წევრები, რომ თავი შეიკავონ, იმიტომ, რომ საუბრები ძალიან ხშირად ზღვარს სცდება და არის ცილისმწამებლური შემადგენელი ამ საუბარში ხოლმე, რაც ზოგადად ეკლესიას აზიანებს, ეს იქნება მიმართული რომელიმე მათთვის არასასურველი საპატრიარქო კანდიდატის მიმართ თუ სხვა ეკლესიის მსახურის მიმართ, მთლიანობაში აზიანებს ხოლმე ეს ეკლესიას. ამიტომ, ამ პოლემიკებში ჩართულთაგან ზოგი არის ვინც გაითვალისწინებს ამ მოწოდებას, თუმცა, ვიცით ჩვენ, რომ რაც არ უნდა მოუწოდოთ აქედან, ზოგი მაინც არ გაითვალისწინებს ამას. ამიტომ, მათ საყურადღებოდ ვამბობ, რომ მთლიანობაში, ყველა სინოდის წევრი მიისწრაფვის იმისაკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული. ამიტომ, ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ ამ ფარგლებში მიმდინარეობს. შიგნით არ იქნება რაიმე ისეთი თემა, რომელიც ერთობას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ, გარედან საჭიროა ნაკლები ემოციები და კონტროლი, რომ ცილისწამებები არ იყოს.
ჩვენ, წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, რომ უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ასეთი კამპანია მისი ავტორიტეტის შელახვის მიზნით, შემდეგ ეს კამპანია გაგრძელდა მისი მოსაყდრის მისამართით. მიზანი შეიძლება ნაწილს ჰქონდეს ის, რომ ეკლესია დაზიანდეს, თუმცა გეტყვით, რომ ვიღაც ფიქრობს, რომ ეკლესიის სიკეთისათვის უკეთესი არის მისთვის არასასურველი კანდიდატი გალანძღოს, ცილი დასწამოს. ესეც არასწორია. ამიტომ, ჩვენ მრავალფეროვანი ხარვეზების მომსწრენი ვართ. ძალიან ცუდია, თუ ვინმე გააგრძელებს იმას, რამაც მათთვის შედეგი არ გამოიღო. ეკლესიას ვერ შეარყევენ, ერთობას ვერ დაარღვევენ და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ეპისკოპოსებს იმისათვის, რომ ეს ერთობა შეინარჩუნონ,” – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
