სამართლებრივ სახელმწიფოში ზრუნავენ როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის უფლებების დასაცავად. ლგბტ თემის ირგვლივ პროპაგანდამ, რომელიც ბოლო პერიოდში ინტენსიურ ხასიათს იღებს, უმრავლესობა გახადა თავად დასაცავი. დაცვა სჭირდება ხალხს და ქვეყანას, რომელსაც ამჯერად უიარაღოდ, ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიით ანადგურებენ. ეს კი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი საომარი ქმედება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ განცხადება გააკეთა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას.
„როგორც ჩანს, მსოფლიოს მოსახლეობის ბიომასად გადაქცევის გადაწყვეტილებაა მიღებული და ამ მორევში სურთ, რომ საქართველოც ჩაითრიონ. ბიომასად ქცეული, ღირსება ჩამორთმეული საზოგადოება კი იოლად სამართავია და ყველა დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებს. ქართველ ხალხს იმის დასაბუთება არ სჭირდება თუ რისთვისაა საჭირო ეს კანონი, მაგრამ ხალხისაგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ამის ახსნა სჭირდება ოპოზიციას. „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო და სრული ლუსტრაცია თავად მოხდა და ფარისევლური მზრუნველობის მანტია შემოეხსნათ. ესე იგი, ისინი ამ პროპაგანდის მხარდამჭერები არიან. ამის შემდეგ ვერ უნდა გაბედონ, ვერც გიორგი ვაშაძემ და მისნაირებმა საქართველოს დემოგრაფიაზე, ქვეყნის მომავალზე და ახალგაზრდებზე სიყალბით დამახინჯებული საუბარი. ლგბტ პროპაგანდა სწორედ ეროვნულ ცნობიერებას ანადგურებს ახალგაზრდებში და სპობს მათ მომავალს. ღირსება საქართველოში კუჭზე არ გადის და არასოდეს არ იყიდება. ასეთ ბინძურ და სახიფათო თამაშებს თავი დაანებეთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.