17 მარტს საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პრიზში, „სტად ჟან ბუინზე“, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება და შეეცდება ტიტული მე-16-ედ მოიგოს, შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 19 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. ნაკრები ორშაბათს საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც მათ ლეგიონერები შეუერთდებიან და გადამწყვეტი მატჩისთვის მზადება პარიზში გაგრძელდება.
გამოძახებულთა შორის ორი ახალი სახეა. კოკერილის რჩეულთა შორის პირველად მოხვდა „ნევერის“ მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, რომლსაც ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული. „ბორჯღალოსნების“ შეკრებაზე პირველადაა „ბრივის“ შუამარბი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშის, გოდერძი შველიძის ვაჟი, გიორგი შველიძე, რომელმაც შარშან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
რუმინეთთან ნახევარფინალის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა „ტულონის“ ბურჯი, ბექა გიგაშვილი, ტრავმის გამო შეკრებაზე არ იქნება მირიან მოდებაძე.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ფინალური მატჩები 2023 წლიდან ტარდება, გადამწყვეტ მატჩში საქართველო პორტუგალიას ზედიზედ მეორედ ეთამაშება – შარშან „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ესპანეთში, 38:11 დაამარცხეს.