ჩვენი საზოგადოებისთვის მძიმედ აღსაქმელია, რომ ზურაბ ადეიშვილს ბუნდესტაგში იღებენ, საპატიო ლოჟაში არის ჩაბრძანებული და კანონის უზენაესობაზე საუბრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, რისკი, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს ანტიდასავლური განწყობები, ევროსკეპტიციზმი, ზუსტად მაშინ ჩნდება, როცა ევროპელ კოლეგებს, პარტნიორებს ქართველი ხალხის არ ესმის.
„შეიძლება ხმა ესმით, მაგრამ ამ ხმის შინაარს ან არ იგებენ, ან ვერ იგებენ. უნდა გაიგონ, რომ მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიერ შექმნილ რეჟიმთან ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან ემოციურია. ევროპელმა კოლეგებმა უნდა აღიქვან და გაიგონ, რომ 2012 წლამდე ეს რეჟიმი ყველაფერ უბედურებას ჩადიოდა საქართველოში – კლავდა, აუპატიურებდა, ართმევდა ქონებას და ქმნიდა ხელშესახებ სადიზმს. ისიც უნდა აღიქვან, რომ 2012 წლის არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევნები, როგორც ნებისმიერ წყნარ ევროპულ ქვეყანაში, არამედ ქართველმა ხალხმა სადისტური რეჟიმი მოიცილა თავიდან. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი საზოგადოებისთვის მძიმედ აღსაქმელია, რომ ზურაბ ადეიშვილი, თუნდაც უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, ასე დაიარება, მას ბუნდესტაგში იღებენ, საპატიო ლოჟაში არის ჩაბრძანებული და კანონის უზენაესობაზე საუბრობს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რომელსაც გაცხადებული აქვს ევროპული მიზანი, რომელმაც თქვა, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც მუდმივად მუშაობს ცხრაპუნქტიან გეგმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოება ამ ანტიდასავლური განწყობებისგან დავიცვათ. ამიტომ, როდესაც ასეთი შეხვედრები ხდება, ევროპელი კოლეგების მხრიდან დიდი ყურადღებაა საჭირო, რათა კონკრეტული ქვეყნების დელეგაციების შემადგენლობაში არ აღმოჩნდნენ ისეთი პირები, რომლებიც ხუთგზის არის საქართველოში ნასამართლევი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ევროპელები ხვდებიან ზურაბ ადეიშვილს, რომელიც მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში და აქ არავითარი დეზინფორმაცია არ არის.
„მეორე პრობლემაა ის, რომ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირება არ ხდება საქართველოში. ტომობითაა გადაგზავნილი საქმის შესახებ მასალები ზურაბ ადეიშვილის დანაშაულების შესახებ და უკრაინული მხარე ამაზე რეაგირებას არ ახდენს. ჩვენი ხალხისთვის ეს ხაზს უსვამს უკრაინული ხელისუფლების არამეგობრულ განწყობას. ეს იმ პირობებში, როცა ქართველმა ხალხმა ომის დაწყების შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რომ უკრაინას მხარში დასდგომოდა. უკრაინელი ხალხის ტანჯვა ჩვენთვის მიუღებელია და უკრაინას ვუსურვებთ მშვიდობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამ მოცემულობაში, სადისტი დამნაშავეები, რომლებსაც ქართველი ხალხის სისხლში აქვთ ხელები გასვრილი, უკრაინის ოფიციალურ პირებთან ერთად დაიარებიან და დაბრძანდებიან ევროპულ სტრუქტურებში, რაც სრულებით მიუღებელია. არანაირ დეზინფორმაციას ადგილი არ აქვს, დეზინფორმაცია არაა ის, რაც ჩვენს საზოგადოებაში გავრცელდა. მათ დაინახეს, რომ ევროპელები ხვდებიან ზურაბ ადეიშვილს, პიროვნებას, რომელიც მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.