მინდა მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის, რომელიც უკავშირდება სტუდენტების, კურსდამთავრებულების ანაზღაურებად სტაჟირებას, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია პროცესში სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა.
„მინდა მოგახსენოთ, რომ უახლოეს დღეებში დავიწყებთ უკვე ფართო კონსულტაციებს სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, იმისთვის, რომ ამ კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე, რათა სისტემამ იმოქმედოს მაქსიმალურად ეფექტიანად.
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, რომ შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. მინიმუმ რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს რამდენიმეთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება საჯარო სტრუქტურებში და ასევე კერძო სტრუქტურებში თანამშრომლობის საფუძველზე. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამართული იყოს ეს სისტემა. რა თქმა უნდა, პირველი წელი იქნება პილოტირების წელი. შევხედავთ, როგორ დაინერგება ეს სისტემა და, რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ სისტემის შემდგომ გაუმჯობესებაზე. თუმცა, იმისთვის, რომ ეს სისტემა პირველივე წელს იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების, სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა, იმისთვის, რომ ერთად მივცეთ საბოლოო სახე ამ სისტემას“, – განაცხადა პრემიერმა.