თბილისის კონსერვატორიის რექტორად გიორგი ვაჩნაძე აირჩიეს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონსერვატორიის რექტორის არჩევნები გაიმართა. რეგისტრირებულმა კანდიდატმა გიორგი ვაჩნაძემ აკადემიური საბჭოს წინაშე კონსერვატორიის განვითარების გეგმა წარადგინა. შედგა ფარული კენჭისყრა, რის შედეგადაც ის ერთხმად აირჩიეს. გიორგი ვაჩნაძე ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში დაიკავებს.
„გიორგი ვაჩნაძემ 1985 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1990 წელს სასწავლებლად გაემგზავრა აშშ-ში, ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში (Mannes College of Music). 1994 წელს დაამთავრა ინდიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
ის არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1994 წელი – ჯინა ბახაუერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი, მეოთხე ადგილი; 1996 წელი – ალაბამის ფორტეპიანოს საერთაშორისო კონკურსი, პირველი ადგილი; 1997 წელი – მსოფლიოს საფორტეპიანო კონკურსი, ცინცინატი, პირველი ადგილი; 1998 წელი – პალმ ბიჩის საფორტეპიანო კონკურსი, პირველი ადგილი).
2002-2005 წლებში იყო ინდიანის უნივერსიტეტის ლექტორი, 2004-2011 წლებში – მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
გიორგი ვაჩნაძის ჩანაწერები გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია 2022 წლის ს. რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი №3, რე მინორი, თხზ. 30, ოსაკის საუკუნის სიმფონიური ორკესტრი; ნორიჩიკა იიმორი, ცოცხალი ჩანაწერი ოსაკის სიმფონიური ორკესტრის დარბაზიდან Audiophile Society (აშშ), 2019 წლის გ. ყანჩელის 33 საფორტეპიანო მინიატურა და ალთუნიანისა და ს. ცინცაძის ნაწარმოებები Piano Classics (ნიდერლანდები).
ამჟამად გიორგი ვაჩნაძე არის ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორი. გიორგი ვაჩნაძე წარმატებით მართავს კონცერტებს აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, იაპონიაში, გერმანიაში, ტაივანში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კონსერვატორიის რექტორს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 21 ოქტომბერს ისე ამოეწურა, რომ ახალი რექტორის არჩევა ვერ მოხერხდა, კონსერვატორია ვალდებული იყო, გამოეცხადებინა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესარჩევი კონკურსი და 21 ოქტომბრიდან 14 დღის განმავლობაში აერჩია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. კონკურსის შედეგად, კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მადლობას უხდის გიორგი შავერზაშვილს გაწეული შრომისთვის, ხოლო ახალ რექტორს, გიორგი ვაჩნაძეს დიდ წარმატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.