ფულის გათეთრებაზე ეჭვი არის საფუძველი, რომ ადამიანს არ მისცენ ვიზა, თან არ არის მხოლოდ ფულის გათეთრება, არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებზეც ძალიან ფართო განხილვა ჰქონდა ბრიტანეთის სახელმწიფო ტელევიზიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ვიზის გაცემაზე თავი შეიკავა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რაც იმ ეჭვების გამოძახილია, რომელიც კეზერაშვილის მიმართ არსებობს.
„ამასთან, ვიზის გაცემაზე თავს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებიც. სამართლებრივი ნაწილი მოყვა როგორც „ბიბისის“ პროგრამას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას. ის აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში. როცა აპელირებს, რომ სასამართლოში შეიტანა საკითხი, განხილვა მიმდინარეობს და ჯერჯერობით მის ბრალეულობაზე ლაპარაკი არ შეიძლება სამართლებრივად, მისი ფანდია რეალურად, ფაქტია, რომ მისი გადაადგილება მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, რამდენადაც ვიცით, არა მარტო აშშ-ს მიმართულებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ფაქტია, ოპოზიციურ ველზე ოპერირებს ადამიანი, რომელიც ფლობს იმ თანხებს, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან მოიპარა, დანარჩენთან დაკავშირებით არსებობს დიდი ეჭვები. ამ ეჭვების გამოძახილია აშშ-ის გადაწყვეტილება, არ მისცეს ვიზა და არ შეუშვას ქვეყანაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.