პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტზე „ქრონიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„პრემიერს აზერბაიჯანში ექნება მაღალი დონის შეხვედრები, სადაც განიხილება ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა, ასევე განიხილება საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული როლი მსოფლიო ეკონომიკის ჭრილში, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენების ფონზე განსაკუთრებით გამოიკვეთა.
შუა დერეფანი არის იმდენად მნიშვნელოვანი პროექტი, რომ მას გააჩნია განსაკუთრებული დატვირთვა და გავლენა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სხვა მონაწილე ქვეყნების ეკონომიკაზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზე. ევროკავშირი განსაკუთრებით არის დაინტერესებული ამ დერეფნის სრული მასშტაბით ამოქმედებით, რაშიც საქართველოსა და აზერბაიჯანის როლი არის უმნიშვნელოვანესი, შესაბამისად, პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის მიზანი და დანიშნულებაც სწორედ ორ ქვეყნებს შორის არსებული ძალიან მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასთან ერთად წარმოადგენს იმ ეკონომიკური კავშირებისა და შუა დერეფნის პროექტების განხორციელების პერსპექტივების გაღრმავებასა და გაზრდას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ზოგადად, ეკონომიკის კუთხით, მსოფლიოში არსებული პრობლემების დაძლევას. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
16 მარტს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.