საქართველოსა და აზერბაიჯანს, ჩვენს ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული მეგობრობა და ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში, ზაგულბას სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.
დღეისთვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის, ასევე გვაქვს კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები და თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. დღეს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას დღეს ეწვია.
ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.