ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ინოვაცია, მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყნებში ახდენს ასეთ სწრაფ განვითარებას, ვინაიდან, ინოვაციის განვითარებისთვის წინაპირობა არის ის დემოკრატიული მმართველობის პრინციპები, როგორიცაა მინიმალურ ზღვარზე მყოფი კორუფცია, სწორი სტრუქტურა, დაფინანსების მოდელი და ა.შ. და რისი წინაპირობაც არის 2012 წლიდან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„სწორედ ეს არის ის რეფორმა, რომელსაც ერთგვარი მემკვიდრეობა არ ჰქონია და ამიტომ მოხდა ის, რომ დღეს ასეთ შედეგებზე გავედით. დღეს როდესაც ინოვაციების ეკოსისტემების მთავარ ლიდერებთან ვსაუბრობთ, საქართველოს ნამდვილად აქვს თავისი ადგილი დამკვიდრებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი წინა მოწვევის პარლამენტში იყო, რომ მივიღეთ კანონი ინოვაციების შესახებ, რომლითაც უშალოდ ტერმინის განმარტება მოხდა, რამაც ითამაშა დიდი როლი, რომ განსაზღვრულიყო და შემდეგ შესაძლებლობა მისცემოდა იმ ინოვაციურ, კრეატიულ, ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც ქვეყანაშია, რათა მოეხდინათ მათი იდეების რეალიზება. ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, საქართველომ აუწყოს ფეხი ამ განვითარებას. სტარტაპ ვიზების კუთხით, საქართველო არის ერთ-ერთი მომხიბვლელი ლოკაცია, ვიანიდან ჩვენ გვაქვს შეღავათიანი სავიზო პირობები უცხოური სტარტაპერებისთვის. შეიქმნება ერთგვარი რეესტრი, სადაც ნებისმიერ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეს და შემდეგ უკვე 3 წლის ვადით გათავისუფლდება ძირითადი გადასახადებისგან, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ადრეულ ასაკში მყოფ სტარტაპს აწვება“, – განაცხადა ლაშხმა.