ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველოც შეუერთდება სამეულს: უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნიას და გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება. ჩვენ გვაქვს 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა შესრულდეს, თუმცა 9 ნაბიჯთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია შევადაროთ ჩვენი პროგრესი იმ ქვეყნებს, რომლებთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებაა მიღებული მოლაპარაკების გახსნაზე – მოლაპარაკებები ჯერ გახსნილი არ აქვთ არც უკრაინასა და არც მოლდოვას. სავარაუდოდ, ძალიან მალე გადაწყვეტილებას მიიღებენ ბოსნიასთან დაკავშირებითაც. ამიტომ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველოც შეუერთდება ამ სამეულს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე. თუმცა, აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია არჩევნების მშვიდად ჩატარება. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც დაინტერესებულია და პასუხისმგებელია იმაზე, რომ არჩევნები საქართველოში სათანადოდ ჩატარდეს. თუმცა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილზე იმავეს ვერ ვიტყვი“, – განაცხადა სამხარაძემ.