უფლებადამცველი ბაია პატარაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
,,უკვე მეხუთე ამბავს ვისმენ იმაზე, რომ ტაქსის მძღოლები მგზავრი ქალების თანდასწრებით მასტურბირებენ… რამდენიმე ჩვენ გვერდზე დაიდო და რამდენიმე ისე მაქვს მოსმენილი. კაცები ალბათ ვერასოდეს მიხვდებიან ზუსტად რას ნიშნავს და როგორ დამცირებას, შიშს და უმწეობას იწვევ ეს ქალებში. (შეეცდებიან წარმოიდგინონ, მაგრამ სულ სპექტრს ვერ მიხვდებიან, მაგალითად ვერ მიხვდებიან გაუპატიურების შიშს).
ტაქსიდან ვერ გადმოხტები, თუ არ გაგიჩერეს. (თუმცა ამ გვერდზე არის ამბავი, როცა გოგო დაძრული მანქანიდან გადმოხტა, გაუმართლა რომ შუქნიშანთან იყვნენ და ნელა მოძრაობდა მანქანა). მოკლედ ტაქსიდან გადმოხტომა ცუდი იდეაა, რამე დაგემართება. ვერც მძღოლს ვერ დაესხმები თავს, იმიტომ რომ საჭესთანაა და შეიძლება ავარია გამოიწვიო. ნებისმიერ შემთხვევაში მან უნდა გააჩეროს მანქანა, რომ გაიქცე. უმეტესად გახევებულებივით სხედან ქალები და მარტო იმას ნატრულობენ, რომ მალე დააღწიონ თავი ამ მდგომარეობას. ვერაფერს აკეთებენ, ტელეფონითაც ვერ ითხოვენ შველას – ვაი და, გაბრაზდეს ეს მძღოლი და გააქანოს მანქანა, სარისკოა. ბევრი ქალი ისეთ შოკში ვარდება, მანქანის ნომერსაც კი ვერ იმახსოვრებს.
პ.ს. შეგახსენებთ, სექსუალური შევიწროვება არ არის დასჯადი საქართველოში.
ჩვენ გვჭირდება ეს კანონი, რომ გამოვუძახოთ პატრულს და გვჭირდება ისეთი პატრული, რომელიც მიხვდება, რას ვეუბნებით და რა გააკეთოს.” – წერს პატარაია