როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია თბილისელთა საცხოვრებლის პრობლემის მოგვარება. გვაქვს რამდენიმე პროგრამა: საცხოვრებელი ფართების დაკანონება, უსახლკარო თბილისელების საცხოვრებლით დაკმაყოფილება და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული შიდა სახელმწიფო ვალად არის აღიარებული.
„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამივე მიმართულებით უკვე დაკმაყოფილდა ათასობით ოჯახი. კერძოდ, საცხოვრებელი ფართები, რომელსაც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ ოჯახები, მაგრამ ვერ ირეგისტრირებდნენ, სიმბოლურ 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა და დაუკანონდა 2 879 ოჯახს.
ეს პროცესი გრძელდება, დღევანდელი მთავრობის სხდომაზეც წარმოდგენილია კიდევ 5 ოჯახისთვის უძრავი ქონების გადაცემის საკითხი.
უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით, 2022 წლიდან დღემდე 103 ბინაა შეძენილი (აქედან 2022 წელს – 56 ბინა, 2023 წელს – 38 ბინა, 2024 წელს – 9 ბინა). მხოლოდ 2024 წელს აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილია 5 მილიონი ლარი.
რაც შეეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებს, 2016 წლიდან ხორციელდება ეს პროგრამა და ამ ხნის განმავლობაში 2 380 ოჯახია დაკმაყოფილებული. კოოპერატივის წევრებისთვის გადაცემული და გადასაცემი ფართის ჯამური ოდენობა, დაახლოებით 47 000 კვ. მეტრს შეადგენს. ამასთან, ინვესტორი კომპანიების მიერ აღნიშნული სამშენებლო პროექტების სრულად განსახორციელებლად გასაწევი საინვესტიციო ღირებულება შეადგენს, დაახლოებით 175 მლნ აშშ დოლარს“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, დღესდღეობით დარჩენილია 200-მდე პირის განცხადება, რომელიც მიღებულია მერიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე სრულად დაკმაყოფილებულია სოციალური ქულების საფუძველზე წარმოდგენილი აქტიური განაცხადები.