უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს მოუწოდა, დაესწრონ მშვიდობის სამიტს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
„მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც ჯერ კიდევ განზე დგანან მშვიდობის გლობალური სამიტის ძალისხმევისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ და კონკრეტულად დაასახელა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი.
24 მაისს, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, გამოტოვებს უკრაინის მშვიდობის სამიტს, რადგან კალიფორნიაში საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოზიდვის ღონისძიებას უნდა დაესწროს ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად.
შვეიცარიაში 15-16 ივნისისთვის დაგეგმილ მშვიდობის სამიტში დაახლოებით 70 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას გარკვეულ დონეზე, მათ შორის ლიდერები, როგორიცაა კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.