გარდაიცვალა ანსამბლ “ბიჭების”დამაარსებელი, მრავალი ახალგაზრდა ლოტბარის აღმზრდელი, თამაზ ანდღულაძე. ამის შესახებ “N28 ხელოვნების სკოლა“ წერს და ცნობილ ლოტბარს ემშვიდობება.
“თბილისის მერიის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის #28 სკოლა“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლისა და ანსამბლ “ბიჭების”დამაარსებელი, ათწლეულების განმავლობაში მისი დირექტორი, მრავალი ახალგაზრდა ლოტბარის აღმზრდელი, ბატონი თამაზ ანდღულაძე.
სწორედ მისი ხელმძღვანელობით იქცა ჩვენი სკოლა ქალაქში ერთ-ერთ სანიმუშო და წარმატებულ საგანმანათლებლო კერად.
80-იანი წლებიდან, განსაკუთრებით ბატონი თამაზისა და ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გაერთიანებული ძალებით, 28-ე სამუსიკო სკოლა ჩამოყალიბდა პირველი ეტაპის სამჭედლოდ, საიდანაც, კონსერვატორიის გავლით, დღეს ჩვენი ქვეყნის გუნდების ხელმძღვანელები და მომღერლები ჩართულნი არიან ქართული ხალხურ თუ აკადემიურ საგუნდო შემსრულებლობაში.
ბატონო თამაზ, დიდი მადლობა თავდადებისთვის. ქედს ვიხრით თქვენი დამსახურების წინაშე.
უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
