მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც ამ ორი თვის განმავლობაში ამ ძალიან მნიშვნელოვან, რთულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გუშინ უკვე საბოლოოდ დაადასტურა გამჭვირვალობის კანონის მიმართ მხარდაჭერა, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელ სოციალისტებს“ – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე კანონის მიზნებზე ისაუბრა და მადლობა ქართველ ხალხსაც გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც ამ ორთვიანი ეპოპეის განმავლობაში კიდევ ერთხელ აჩვენა ერთი მხრივ სიბრძნე, რომ არ აჰყვა იმ დეზინფორმაციულ შტურმს, რომელიც შიგნიდან და გარედან ორგანიზებულად მიმდინარეობდა ქვეყნის წინააღმდეგ და დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერების მიმართ.
ეს კანონი თავის სათაურშივე აცხადებს თუ რა არის მიზანი, ეს კანონი თავის სათაურითვე გვაჩვენებს თუ რას უჭერენ მხარს ისინი, ვინც მხარი დაუჭირა [კანონს] და რას ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა [კანონს]. ვინც მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მხარს უჭერს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხოური ფულით გავლენების განხორციელება უნდა იყოს ცხადი, გამჭვირვალე ჩვენი მოქალაქეებისთვის. და ვინც მხარი არ დაუჭირა გუშინ ამ კანონპროექტს, მხარი დაუჭირეს იმას, რომ ეს არ იყოს ცხადი, არ იყოს გამჭვირვალე და მოქალაქეებს არავინ ჩააბაროს ანგარიში – ისე შემოვიდნენ და ისე განახორციელონ თავიანთი გავლენები უცხოელებმა.
გუშინ ვნახეთ ოპოზიცია, მისი რადიკალური ნაწილი, რომელიც სრულად დადგა უცხოური გავლენის და არა ქართველი ხალხის მხარეს. ეს იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია სინამდვილეში იმართება გარედან და დგას უცხო ქვეყნებისა თუ ძალების და არა საქართველოს და ქართველი ხალხის მხარეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.