გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კითხვას, აშშ-ს მხრიდან სანქციებს რამდენად ექნება ეფექტი გაკოტრებული რადიკალური ოპოზიციისთვის.
როგორც გიორგი გამსახურდიამ აღნიშნა, არ ჰგონია, რომ ეს გადაწყვეტილება რადიკალური ოპოზიციისთვის ეფექტიანი იყოს.
„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, კი ბატონო, თუ რამე არ მოგწონთ, მოდით რა, ამ ქუჩის არეულობას და ამ რაღაც მაიდნის ინსცენირებას, რომელიც გამორიცხულია, ბუნებაში არ მოხდება, ხომ სჯობს არჩევნებზე თუ გაქვს რესურსი, მოხვიდე, გაიმარჯვო და შემდეგ ადგე, ნებისმიერი კანონი შეცვალო. თან გაქვს პრაქტიკაში, რომ საქართველოს კონსტიტუცია გაუპატიურებული გაქვს არაერთგზის და მათ შორის აგერ, მარიამ საჯაიას და თინა ბოკუჩავას გამო, რომ პარლამენტში მოხვედრილიყვნენ“, – აღნიშნა მან.
ამასთან, გიორგი გამსახურდია საქართველო – ამერიკის ურთიერთობების დინამიკას გამოეხმაურა.
„ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა არ დაწყებულა დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში და არც მისით დამთავრდება. მას უფრო ღრმა საფუძვლები აქვს საქართველოს ისტორიაში და მე მგონია, რომ კეთილგონიერი ხალხი გამოჩნდება, რომლებსაც ეყოფათ საღი აზრი. არ მინდა დეტალებზე საუბარი, საქართველოს რა ამაგი და რა სიკეთე აქვს გაკეთებული თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე, არ მინდა სამსახურების სპეციფიკაში, სიღრმეებში წავიდე. თავდაცვის სფერო ხომ ისედაც ჩვენთვის ნათელია, ყველამ ვიცით და შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ საეთერო არ არის რა კეთდება სამსახურების მხრიდან, რა უნდა გაკეთდეს და გაკეთდება კიდეც. რაზეა საუბარი, მაგრამ არ მგონია, რომ მაგ სიღრმეებისკენ უფრო წავიდნენ.
მე მგონია, რომ ეს რაღაც დამაშინებელი ხასიათისაა, არ მესმის ეს ენა რატომ ამოირჩიეს ჩვენთან. თან ამ გაკოტრებულ ხალხთან [რადიკალური ოპოზიცია] რა შედეგებზეა საუბარი. მათ ხომ სხვებზე კარგად იციან, რომ პოლიტიკური მომავალი ამ ხალხს არ აქვთ. ხომ შეიძლება ადამიანებს ოცნებასთან ჰქონდეთ რაღაც შეკითხვები, მაგრამ ესენი ეზიზღებათ. ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია, ვიცით“, – აღნიშნა მან.
