მმართველ გუნდში ევროპარლამენტის რეზოლუციაში მეათე პუნქტად ჩაწერილ მოწოდებას აფასებენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება.
„ჩვენ არ შევუერთდებით სანქციებს, იმიტომ რომ სანქციებზე მიერთება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, ნიშნავს საქართველოს გაღატაკებას. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სურვილი იყო, რომ ეკონომიკურად ქვეყანა დაზიანებულიყო, იმიტომ რომ მერე ხალხს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ექნებოდა, რომ პასუხი მოეთხოვა დღევანდელი ხელისუფლებისთვის.
ჩვენ რატომ აგვირჩია ხალხმა და რატომ ვართ ამდენი ხანი ხელისუფლებაში? ხალხმა მოგვცა მანდატი და ამავე დროს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმისი, რომ ჩვენი პოლიტიკით ქვეყანა ვატაროთ სწორ გზაზე – არ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დამაზიანებელი, დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნავს კალაძე.