დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
ღონისძიებაზე აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ აკადემიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა. რექტორმა მიულოცა მათ პროფესიული დღე, აღნიშნა მათი ღვაწლი აკადემიის, თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის წინაშე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი შრომა და პასუხისმგებლობა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში და უსურვა მათ წარმატებები როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ საქმიანობაში.
ღონისძიების დასასრულს რექტორმა სასწავლო პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაკისრებული მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები სტატუეტით „დავით აღმაშენებელი“, საპატიო სიგელით და რექტორის პირადი საჩუქრით დააჯილდოვა.