ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა.
“ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა, რაც, შეიძლება, გაცილებით მეტადაც კი აზიანებდეს საზოგადოებას.
პოლიტიკური ძალა, რომელიც ცოტა ხნის წინ ტერორით მართავდა ქვეყანას, ადამიანის უფლებებს აბუჩად იგდებდა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, დღეს სრულად სარგებლობს ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოთი, ძველებურად ამუშავებს სიცრუის მანქანას, აფრქვევს ცილისწამების კორიანტელს და მის დღის წესრიგს ხშირად დანარჩენი მედიაც მიჰყვება, რადგან, მთავრობის ლანძღვა მოდაშია და კარგ ტონად ითვლება.
მოქალაქეებს მიზანმიმართულად და განუწყვეტლივ მიეწოდებათ ქვეყანაში არსებული ვითარების განზრახ დამახინჯებული სურათი, რაც ბევრში გულგატეხილობისა და სასოწარკვეთის განცდას იწვევს. ეს ყველაფერი რევანშის მიზნით კეთდება, რათა სააკაშვილის კლანმა ქვეყანა ისევ დააბრუნოს ძალმომრეობის ჭაობში, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი.
მედიამ ხელისუფლება უნდა აკრიტიკოს და, რასაკვირველია, მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიციიდან და ინტერესებიდან, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა საკუთარ ხალხს და რომელსაც დღეს რევანში სწადია.
ამ პარტიის ვითომდა განახლებული ლიდერებიც კი დღესაც საკუთარი პოლიტიკური წარსულის ქებით არიან დაკავებულნი და მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ შეცდომებს, რომელთა შესახებაც ნაციონალურ მოძრაობაში თითქოს არავინ იცოდა.
რასაკვირველია, ჩვენ შევინარჩუნებთ თავისუფალ მედიაგარემოს, სადაც ნებისმიერ მედიასაშუალებას იმის შესაძლებლობაც ექნება, იყოს არაობიექტური, ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და გაავრცელოს არასწორი და ცილისმწამებლური ინფორმაციები, რისი მოწმენიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვართ.
თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავისუფლება მედიას მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არ მოუპოვებია. ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მიწაზე დაყრილი და იარაღმიბჯენილი ჟურნალისტები, ერთი და იმავე ტექსტებით მოსაუბრე ტელევიზიები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყანაში, რომელშიც ასიათასობით ადამიანმა ციხე იწვნია, ხოლო დანარჩენები იგივეს ელოდნენ, ცხოვრება მშვენიერი იყო.
საქართველოში მედია სწორედ ტირანიის დამარცხების შემდეგ გათავისუფლდა და როგორ დაუნდობლადაც არ უნდა აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, რომელსაც არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის ამ თავისუფალი გარემოს შექმნაში, თავად მედიის უფლებებს არავინ შეეხება.”