„ასეთი სრულყოფილი, ძალიან ღრმა და საინტერესო ანალიზი ქვეყანაში 2012 წლამდე განვითარებული ვითარების,ხელისუფლების საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, მე ნამდვილად არ მომისმენია“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მანანა კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის შეფასებისას გააკეთა. როგორც „კვირას“ დეპუტატმა განუცხადა, წერილში ისეთი აქცენტები იყო გაკეთებული, რომელიც საზოგადოების უმეტესობას აწუხებს. „ძალიან საინტერესო აქცენტები გაკეთდა ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც აწუხებს ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი გადმოსცა ბატონმა ბიძინამ, სწორედ იმ პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც იყო ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რასთან გვქონდა საქმე, რა რეჟიმთან, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ რეჟიმის მშვიდობიანად დასრულებას და არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლას. მისი ძირითადი დანაპირები შესრულებულია და რაც მთავარია, რას მიაღწია ქვეყანამ, მიუხედავად იმ გარემოსი, რაც არის ხელისუფლების წინააღმდეგ, ვგულისხმობ ხშირ შემთხვევაში მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციების გავრცელების კამპანიას. მიუხედავად ამისა, ძალიან რეალურ ფაქტებზე, ფიქრებზე დაყრდნობით ბატონი ბიძინა აკეთებს სწორ ანალიზს,სად იყო ქვეყანა 2012 წლამდე და სად არის დღეს. ყველა ძირითად სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული მიღწევები. ყველაზე მთავარი მონაპოვარი არის ადამიანების თავისუფლება, როდესაც ხელისუფლების მიმართ შიში გატყდა და ის ტერორი, ის ძალმომრეობა, რაც იყო წინა ხელისუფლებისგან. გვახსოვს, როგორ იდევნებოდა ბიზნესი და ილახებოდა საკუთრების უფლებები და ის მოცემულობა, რომ დღეს ადამიანი თავისუფალია, დღეს მედია თავისუფალია, დღეს სასამართლო თავისუფალია, ეს ყველაფერი არის მიღწევა 2012 წლის 1 ოქტომბრის და პირადად ბიძინა ივანიშვილის. პირადად მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი ნდობა აქვს საზოგადოებას მის მიმართ, საზოგადოება ენდო მას 2012 წელს. სწორედ ამ ყველაფრის ანალიზი გააკეთა მან და ამ ყველაფერს უნდა კარგად წაკითხვა და გააზრება. აუცილებელია, რომ ყველაფერი გააკეთოს საზოგადოებამ, ქართველმა ამომრჩეველმა იმისთვის, რომ არ დაუშვან იმ ხელისუფლების დაბრუნება, ვისი დანაშაულებრივი ქმედებებითაც ასეულობით მოქალაქის ოჯახი განადგურდა და მათი უფლებები შეილახა“,-განუცხადა „კვირას“ კობახიძემ.
მანანა კობახიძე: ასეთი სრულყოფილი, ძალიან ღრმა და საინტერესო ანალიზი ნამდვილად არ მომისმენია
2016/05/30 18:25:24
ნანახია: 1792 ჯერ