ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
მაგალითისთვის, საავტომობილო წარმოების გერმანული ასოციაციის ცნობით, გერმანული საავტომობილო წარმოება 2024 წელს 4%-ით, 2025 წელის კიდევ 2.7%-ით, სამუშაო ადგილები კი 6.2%-ით შემცირდა.
„ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს – იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ. ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ საწარმოებს ერთ დღეს დახურავდნენ“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ კრიზისი, რომლის წინაშეც გერმანული და მთლიანად ევროპული საავტომობილო წარმოება დადგა, ბრიუსელელი ბიუროკრატების დამაზიანებელი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ანდრაშ ლასლო ამბობს, რომ ევროპული წარმოების კონკურენტუნარიანობას ძირს უთხრის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების იდეოლოგიას მორგებული რეგულაციები და მზარდი ფასები ენერგორესურსებზე.
„დაახლოებით 10 წლის წინ იდეოლოგიური თვალსაზრისით გატარებული საწარმოო რეფორმების შედეგად მზარდ გამოწვევებს დავუდეთ სათავე, დღეს კი უკვე მივაღწიეთ იმ ნიშნულს, სადაც ჩვენი საავტომობილო წარმოების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ევროპარლამენტში განხილვისას, ევროკომისარმა თავად განაცხადა, რომ ევროპული საავტომობილო წარმოება მომაკვდინებელი საფრთხის წინაშეა. ვითარების გამოსწორების ერთადერთი გზა გახლავთ იდეოლოგიით განპირობებული პოლიტიკის თავიდან მოშორება.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგას კომპანია „მერსედესი“, ასევე „ფოლქსვაგენ ჯგუფი“, რომელიც რამდენიმე საავტომობილო წარმოებას აერთიანებს.
ევროპული ავტოწარმოება მსოფლიოში საუკეთესო გახლდათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ დაღმასვლა უკვე აშკარაა, ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ევროპულ კეთილდღეობაზე. ის დამოკიდებულია ევროპისვე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც თავის მხრივ უკვე ეყრდნობა ევროპული წარმოების სიჯანსაღეს, რომლის საფუძველიც სწორედ ევროპული ავტოწარმოება გახლავთ“, – აცხადებს ლასლო.
ევროპარლამენტარი ავტოწარმოებიაში შექმნილი პრობლემების შესაძლო შედეგებზეც საუბრობს.
„ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოებისთვის საავტომობილო წარმოება უდიდეს როლს ასრულებს მთლიანი შიდა პროდუქტის განსაზღვრაში, მოქალაქეთა დასაქმებაში, გადახდილი გადასახადების მოცულობაში და ასე შემდეგ. თუ საავტომობილო წარმოების დაღმასვლა გაგრძელდება, ეს უდიდეს გავლენას მოახდენს არამარტო გერმანიაზე, არამედ ევროკავშირის ბევრ სხვა ქვეყანაზეც, ზოგადად ევროპულ კეთილდღეობაზე“, – მიიჩნევს ანდრაშ ლასლო.
